სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწაბოგირის დასახელებაში პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია გაიხსნა. წმინდის ხსენების დღეს ტაძარი ხონი- სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მიტროპოლიტმა საბამ აკურთხა. ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფემ ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა.
მიტროპოლიტ საბასთან ერთად სადღესასწაულო მსახურებაში მონაწილეობდნენ დეკანოზები: ვახტანგი, რომანოზი შიო; მღვდელი გიორგი. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის მშენებლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თითქმის, სამი წელი მიმდინარეობდა და მთავარი ინიციატორის, პაატა ერქვნიძის დიდი მონდომებით წმინდანის ხსენების დღეს წარმატებით დასრულდა. ეკლესია ორნავიანი ბაზილიკის სტილისაა, რომელიც აგებულია ადგილობრივი თიხისაგან დამზადებული აგურით. აგურის ქარხანა კი იქვე, სოფელში ფუნქციონირებს.
,,იმ ადგილზე, სადაც წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაა აღმართული, ადრე სოფლის კოლმეურნეობის კანტორა იდგა. ამჟამად ეკლესიის ეზოში ასწლოვანი ცაცხვი და ასევე ას წელს მიღწეული ნაძვის ხეებია შენარჩუნებული, რომელიც ძალიან ამშვენებს ტერიტორიას.”- ,, გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელმა, ჯონი ნადირაძემ.
ავტორი