მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან, სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზე, მართლა არ ვხუმრობ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ
„მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან. სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზე, მართლა არ ვხუმრობ. უხერხულია ძალიან. უბრალოდ ამ მოსამართლემ ჩაამატა ის, რაც არ გაახსენდა წინა მოსამართლეს, რადგან წინა მოსამართლე ხომ ამისთვის მზად არ იყო. წინა მოსამართლე იყო მზად, დავეპატიმრებინე. უბრალოდ, ძალიან სწრაფად შეიცვალა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის თავში და ეს სამაჯური გამორჩა და ახლა დაამატეს. უბრალოდ, გვითხრეს, ეს სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზე“, – განაცხადა მელიამ.
დეპუტატის თქმით, ზუსტად არ იცის, როდის დაუმაგრებენ სამაჯურს, თუმცა ეს ვერ შეზღუდავს იმისგან, რაზეც შეზღუდვა არ ვრცელდება.
„არ ვიცი, როდის გამიკეთებენ დღეს ან ხვალიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ შემზღუდავს იმისგან და იმაში, რაზეც შეზღუდვა არ ვრცელდება, მაგალითად, პარლამენტში მისვლა, სხდომაზე დასწრება, საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.
ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელია იქნება პირველი, ვისთან მიმართებაშიც ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებენ. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, ელექტრონული მონიტორინგი უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენას, ეს შესაძლოა, განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით.