მიმდინარე კვირას ამერიკულმა კონცერნმა Microsoft-მა ამერიკულ და უცხოურ სამთავრობო დაწესებულებებსა და ანალიტიკურ ცენტრებზე მასობრივი კიბერშეტევა დააფიქსირა. ამის შესახებ Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტომ ბერტმა განაცხადა.
ტომ ბერტი აცხადებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფი Nobelium-ი დგას. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჯგუფს IT-კომპანია SolarWinds-ზე კიბერშეტევასთან კავშირი აქვს.
Microsoft-ში აცხადებენ, რომ ჰაკერული თავდასხმის სამიზნე 150 სხვადასხვა ორგანიზაციის დაახლოებით 3 000 ელექტრონული მისამართი იყო.
„როგორც ჩანს, ეს Nobelium-ის მორიგი მცდელობაა, თავდასხმა განახორციელოს იმ სამთავრობო უწყებებზე, რომლებიც საგარეო პოლიტიკის პროცესებში არიან ჩართულნი“, – განაცხადა ტომ ბერტმა.