კიევში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც.
“ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები. უკრაინის შესაბამისს სამსახურებს გააჩნით კონკრეტული კითხვები სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ის არაა საქართველოს მოქალაქე, თუმცა, საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრდირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში,”- განაცხადა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზეგამოქვეყნებული ინფორმაციით, სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. გამოძიება პოლიტიკოსის დაკითხვას აპირებს.
სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.
სააკაშვილს 3-იდან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.