უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ლიზა იასკოს თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას და ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.როგორც საპატიმროში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლიზა იასკომ მედიას განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ხმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის არ დაიკარგოს.
„ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მე უკრაინელი ვარ ქართველების არჩევანში ვერ ვერევი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ხმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის არ დაიკარგოს.მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არამხოლოდ დიდი პოლიტიკოსია, არამედ უკრაინისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა. ის რომ უკრაინელი ადვოკატი ქვეყანაში არ შემოუშვეს, ასევე ჟურნალისტი, რომელსაც სააკაშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადება სურდა, ქვეყანაში არ დაუშვეს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა“, – აღნიშნა ლიზა იასკომ.