ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რითაც მე-12 პენიტენციური დაწესებულების უფროსს ზურაბ მოდებაძეს მიმართავს.
წერილში, რომელიც საზოგადოებას სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო, აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებაზე.
“მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება
ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – წერს სააკაშვილი.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, შექმნილი გარემოებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს “სააკაშვილის მკვლელობის გეგმა”.
“ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ დაწყებული ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, როგორიც არის კომუნიკაციის უფლების წართმევა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რეალურად ეს გარემოებები უთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.
მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და შესაბამისად, “ქართული ოცნება” ასრულებდა სწორედ მის დავალებებს. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობს ამ სპეცოპერაციაში, დაწყებული პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარიაშვილით გაგრძელებული მე-12 დაწესებულების დირექტორის ზურაბ მოდებაძით და ყველა იმ თანამშრომლით, რომელიც ასრულებს უკანონო დავალებებს – თქვენი სახელი და გვარები არსად არ ქრება და ყველა ადამიანს, ვინც სჩადის უკანონობას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ასევე, ეს იქნება შავი ლაქა, რომელსაც მათი შთამომავლობაც ვერ ჩამოირეცხავს თუკი ისინი არ მოეგებიან გონს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.