რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ეროვნული გუნდისა და ფრანგული „რეიმსის“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ამჟამინდელი გუნდიდან წავიდა. გავრცელდა ცნობა რომ ჯაბას კარიერა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში უნდა გაეგრძელებინა. სამწუხაროდ ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდა და ქართველი კვლავ სასურველი კლუბის ძიებაშია. არის იმედი რომ მისი სამსახურით რომელიმე ევროპული გუნდი დაინტერესდება. კანკავამ ბოლო ორი სეზონი “რეიმსის” შემადგენლობაში ჩაატარა. პირველ წელს ჩვენებურის გუნდი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მეორე სეზონი ჯაბამ და მისმა პარტნიორებმა ერთი რანგით დაბალ ლიგაში გაატარეს.
თურქული სპორტული მასმედიის ცნობით ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. თურქეთის ფეხბურთის კავშირის მაღალჩინოსნებმა ცნობილ სპეციალისტს ფათიჰ თერიმს ხელშეკრულება გაუწყვიტეს და კარისკენ მიუთითეს.
თერიმის გათავისუფლების უმთავრესი მიზეზი ის სკანდალია რომელშიც ეს უკანასკნელი გარეული აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში თერიმს ჩხუბი მოუვიდა.
მომავალი მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში თურქეთის ნაკრებმა 3 მატჩში მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. ექვსი ტურის შემდეგ თურქები I ჯგუფში მესამე ადგილზე არიან.
იტალიური მასმედიის მტკიცებით, უახლოეს მომავალში კლუბი „მილანი“ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდოს შეძენას შეეცდება. „მილანის“ სპორტული დირექტორი მასიმო მირაბელი ფეხბურთელის აგენტს ჟირჟე მენდეშს უკვე შეხვდა და სთხოვა, რომ იმ შემთხვევაში თუ პორტუგალიელი ესპანური გუნდიდან წასვლას დააპირებს, უპირველეს რიგში „მილანს“ დაუკავშირდეს.
გავრცელდა ინფორმაცია რომ „მილანის“ ხელმძღვანელობა ამ დღეებში რენატუ სანჩესის, რადამელ ფალკაოსა და დიეგო კოშტას შესაძლო ტრანსფერებზე მუშაობს.
გუშინ გავრცელდა ცნობა რომ ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა არსად წასვლას არ აპირებს და „ბებერ ქალბატონში“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. ადრე ვრცელდებოდა ცნობები რომ დიბალა კარიერას ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებდა.