“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სანქცირებული მოსამართლეებისა და საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 3 დღის განმავლობაში ოპოზიციის ერთიანობამ საზოგადოებას აჩვენა, რომ “ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახორციელებს.
ვაშაძემ თქვა, რომ “ოცნებას” ხელს აფარებს მოსამართლეებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება სწორედ მოსამართლეთა კლანის მეშვეობით ძარცვავს ბიზნესსა და ინვესტორებს, შესაბამისად, მისი თქმით, “ოცნებისთვის” ევროპულ პერსპექტივაზე მნიშვნელოვანი ახლა ძარცვის მექანიზმს შენარჩუნებაა.
“სწორედ ოპოზიციის ერთიანობამ საზოგადოებას აჩვენა, რომ ქართული ოცნება პირდაპირ არის კლანი თავიდან ბოლომდე. ეშინიათ იმის, რომ ჩამოიშლება ეს კლანი, რადგან ბევრი ადამიანი საჯაროდ არ მოაწერს ხელს კლანის წევრობას. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას – ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და გავაგრძელოთ ეს პროცესი. მინდა, საზოგადოებას მივმართო – ქართული ოცნება უკან იხევს მაშინ, როდესაც ხედავს საზოგადოების ერთიანობას, ამიტომ აქვე უნდა ვიფიქროთ, რომ პროცედურული ომის პარალელურად, რომელიც გაგვიმართეს პარლამენტში და პარლამენტი ფაქტობრივად გაუქმებულია, საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის. სწორედ ჩვენი პროტესტი, ერთიანობა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდების, საზოგადოების სხვადასხვა წრეების ერთიანობა არის ერთადერთი გარანტი, რომ მივიღოთ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი”,– თქვა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ერთიანობამ “გააშიშვლა ქართული ოცნება”, თუმცა გამარჯვებისთვის აუცილებელია ყველას ერთიანობა. “გვაქვს დრო, გავშალოთ ფრონტი, ვისაუბროთ ღიად და ვთქვათ – არა კლანს!, არა რუსულ რეჟიმს”,- აღნიშნა ვაშაძემ.
წყარო: mtavari.tv