განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, ორი დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ მინისტრი სსიპ ვაჟა თოდუას სახელობის ქ. ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლაში 24 თებერვალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშობლებს შეხვდა.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს ნინო ჩიტაძეს „გურია ნიუსმა“ შეკითხვებით მიმართა – რა საკითხებზე ისაუბრა მინისტრმა სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და როგორ მოხდა მშობლების შერჩევა ღონისძიების დასასწრებად.
ნინო ჩიტაძემ მოგვწერა, რომ მინისტრმა მშობლებს დეტალურად გააცნო ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო, სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლებას, საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. პროფესიული განათლების მნიშვნელობას.
რაც შეეხება მეორე კითხვას, ამაზე კი ასეთი პასუხი მივიღეთ: ლანჩხუთის ყველა სკოლის მშობლები იყვნენ, სკოლებს მივეცით კვოტები 10-10 ქალაქის პირველს საჯარო სკოლას, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანს და მესამეს, როგორც მასპინძელს და 4-4 დანარჩენ სკოლებს…
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ირმა მგელაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, მსგავსი შეხვედრების ჩატარება ფორმალობა არის და რაც პრობლემური საკითხებია განათლებაში მუნიციპალიტეტში არავინ არ ინტერესდება სინამდვილეში.
„საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს ყველა იმ რეფორმას, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო გატარებული, ნაცვლად იმისა, რომ რაც შესაცვლელი იყო ის შეეცვალა და რაც კარგი იყო ის გაეუმჯობესებინა. კულტურა ხომ გაანადგურეს? სპორტი ხომ “გააიაფეს”? ჯანდაცვა და სოც. მომსახურებაში რაც ხდება, ხომ ყველა ხედავს? ახლა განათლებას მიადგნენ და გაანადგურეს, ნაცვლად იმისა რომ სასწავლო პროცესისთვის მიეხედათ, ხარისხზე ეზრუნათ და შემდეგ მომავალი თაობის დასაქმების გზების ძიებაში ყოფილიყვნენ, უნივერსიტეტები გააუქმეს, სწავლის პროცესი შეამცირეს, ბოლონიის პროცესზე მიერთებული ვიყავით, გააუქმეს. ახლა ეროვნული გამოცდების სანდოობაც ეჭვს იწვევს. თან ამ ყველაფერს აკეთებს კაცობრიობაზე გაბოროტებული ორი ჯუჯა, ორი თხემით ტერფამდე ბოროტი არსება! შეხვედრების ჩატარება საკვლევი პროცესია, აზრთა გაცვლა, უკეთესი გზების ძიება, ესენი ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, უკვე თავიანთი ჭკუით დამტკიცებულ კანონებზე რაღათ უნდათ შეხვედრები? მით უმეტეს გურიაში, სადაც სწორედ მორჩილების ბატონობაა, სადაც იშვიათად რომელიმე პედაგოგი გააპროტესტებს ხოლმე მდგომარეობას, არადა ამასობაში განადგურდა ჩვენი ქვეყნის მომავალი… იცით რა მიკვირს, როგორ არ აღელვებთ ამ ადამიანებს, როცა ხედავენ “ხელისუფლების” წარმომადგენელთა შვილები ყველა კერძო სკოლებში რომ დადის და მერე სულ ამერიკასა თუ ევროპაში აგრძელებენ სწავლას, ჩვენთვის რატომ ემეტებათ მარტო რუსეთი? ახი კია ისე ჩვენზე, გურიაზე მით უმეტეს!“ – გვითხრა ირმა მგელაძემ.
ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე და შემდეგ მომხდარ ცვლილებაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ გამართა შეხვედრა. ერთი შეხვედრა ურეკის კულტურის ცენტრში გაიმართა და მეორე შეხვედრა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ლანჩხუთში. არცერთ შეხვედრაზე ადგილობრივი მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა, მხოლოდ ფეისბუქში შაბლონურ ტექსტებს ავრცელებენ სამინისტროს და ადგილობრივ მთავრობის ფეისბუქგვერდებზე. ასეთი მიდგომა დიდი ხანია არსებობს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ადგილობრივ მედიას შეხვედრებზე არ ეძახიან. განათლების სამინისტროს პრესსამსახურში დაგვპირდნენ ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემას – რატომ არ ხდება ადგილობრივი მედიისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება პრესსამსახურიდან. ამ ეტაპზე კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.


































































