სირიის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ორშაბათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ რაჯოს სამხედრო პოლიციის ციხიდან, სულ მცირე, 20 პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას Agence France-Presse წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ციხის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, რაჯოს ციხეში დაახლოებით 2,000 პატიმარია, მათგან დაახლოებით 1,300 ისლამური სახელმწიფოს მებრძოლია.
წყარომ მედიასთან განაცხადა, რომ რეგიონში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომელსაც რეგიონში ათობით ბიძგი მოჰყვა, ციხის კედლები და კარი დააზიანა.
,,მიწისძვრის შემდეგ, ქალაქი რაჯო დაზარალდა, რის შემდეგაც პატიმრებმა დაიწყეს აჯანყება და აიღეს კონტროლი ციხის ნაწილებზე…დაახლოებით 20 პატიმარი გაიქცა. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან”, – უთხრა მედიას წყარომ ციხიდან.
ბრიტანეთში დაფუძნებულმა სირიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ციხეში აჯანყება ნამდვილად მოხდა, თუმცა თქვა, რომ ისინი ჯერჯერობით ვერ ამოწმებენ ცნობებს, ნამდვილად გაიქცნენ თუ არა პატიმრები ციხიდან.
მთავრობამ და მაშველებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს სირიაში სულ მცირე 1,444 ადამიანი დაიღუპა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი იყო სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში.
თეთრი ჩაფხუტების სამაშველო ჯგუფის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის აჯანყებულთა მიერ კონტროლირებად ნაწილებში, სულ მცირე 733 ადამიანი დაიღუპა და 2100-ზე მეტი დაშავდა.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ამ დროის მონაცემებით, ორივე ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 5 000-ს აჭარბებს.
ავტორი