„გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის მიზანიც მხოლოდ პოლიტიკურია. მით უფრო, შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და შესაბამისად, პარალელების გავლენა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელი“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, განაცხადა.
მინისტრმა, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის შესახებ ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„სამწუხაროდ, მოვისმინე ძალიან ბევრი ტყუილი, ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები და ცილისწამება.
რიკოთის მონაკვეთზე, რომელიც შედგება ოთხი მონაკვეთისგან და ჯამში, 52 კმ-მდე გზა, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან, 12 გვირაბით და 22 ხიდით, დაახლოებით, უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ რიკოთის ოთხი მონაკვეთიდან დაწინაურებულია ორი მთავარი მონაკვეთი (ხევიდან ზესტაფონამდე), მათი პროგრესი არის 90% და 96%. ამ მონაკვეთების გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება, ხოლო პროექტი 2024 წელს დასრულდება.