ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებს თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს, სწორედ აღნიშნულ საკითხს არეგულირებს. რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, ”დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას – მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს“.
„ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, _ აღნიშნა ალავიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.
”მაგალითად, მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ. გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტიტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს”, _ განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, არჩევითობის წესი უცვლელია – ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება.
”რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ… არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ–ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს”, _ განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის ამ პოზიციას არ იზიარებს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე. როგორც გოგუაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სამინისტროს პროექტი ჯერ არ უნახავს, თუმცა, ის თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგია.
„ველოდები პროექტის შემოსვლას საკრებულოში. როგორც კი შემოვა პროექტი სამინისტროდან, ჩაინიშნება ჯერ ბიუროს, შემდეგ საკრებულოს სხდომა რომ განვიხილოთ ეს პროექტი რომ დააფიქსირონ დეპუტატებმა თავიანთი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ პროექტი არ წაგვიკითხავს, არ ვიცით. პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე წინააღმდეგი ვარ გაერთიანების. მე რამდენადაც ვიცი, საქმე ეხება მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, ყველა ვარიანტში, ამის წინააღმდეგი ვარ. ამის მთავარი არგუმენტიც შემიძლია მოგიყვანოთ – მეტი მუნიციპალიტეტი, მეტი ტერიტორიული დაყოფა ნიშნავს მეტ თვითმმართველობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. მეტი თვითმმართველობა და მეტი ჩართულობა კი ქვეყნის განვითარების უფრო მაღალ ხარისხს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარი რეფორმის წინააღმდეგი ვიქნები“, _ განაცხადა გოგუაძემ.
მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრები თავიანთ პოზიციას პროექტის ნახვის შემდეგ დააფიქსირებენ, რის შემდეგაც საკრებულოს ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება.
„ქალაქ ოზურგეთს სპეციფიკური საკრებულო აქვს, აქ არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა, მათ შორის არც მმართველ პარტიას. ამიტომ საკრებულოს ყველა წევრი გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ იღებს. ვიცი, რომ საკრებულოს წევრები არ მოერიდებიან საკუთარი აზრის დაფიქსირებას და ნებისმიერ შემთხვევაში აქ არ უნდა იგულისხმებოდეს ვინმეს და რაიმეს ზეგავლენა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა საკუთარ აზრს დააფიქსირებს. მე პირადად არ ვაპირებ ჩარევას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა პოზიცია ექნებათ მათ და რას შემოგვთავაზებენ. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა; არა აქვს მნიშვნელობა რომელი ძალაა მმართველი; ვინ არის ოპოზიციაში, მთავარია კოლეგიალურ ორგანოში ყველამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება უმრავლესობის აზრი, ეს შემდეგ აისახება. პირადად ჩემი გადაწყვეტილება უკვე გითხარით, ამ საკითხს მხარს არ დავუჭერ“, _ აცხადებს გოგუაძე.
რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურებს, გოგუაძე აცხადებს, რომ ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც საკრებულომ ცნობის სახით უნდა მიიღოს და რაიმეს შეცვლის ბერკეტი არ გააჩნია.
„დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, უარყოფითს ან დადებითს. ჩვენ რაიმე სხვა ბერკეტი და მექანიზმი არ გაგვაჩნია. საკრებულო განიხილავს პროექტს, მიიღებს ცნობად მოიწონებს ან არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საკრებულოს მიერ მიღებული მოწონება ან დაწუნება პროცესზე ვერ აისახება. ეს არ არის ის საკითხი, რაზეც საკრებულოს გავლენის მოხდენა შეუძლია.
ყველა ვარიანტში მივიღებთ იმ შედეგს, რაც სამინისტროს სურს. ეს არის ის თემა, რომელზეც რა პოზიციაც არ უნდა დააფიქსიროს საკრებულომ, თუ გადაწყვეტილება იქნება თავში მიღებული, აუცილებლად ასე მოხდება. ახლა საუბარია ვინ მოიწონებს, ვინ არა. ყველანაირი მექანიზმის გამოკლებით. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით რაიმე მექანიზმი არ გაგვაჩნია“, _ აცხადებს გოგუაძე.
გოგუაძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას, რომელიც „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაყოფის მოწინააღმდეგე იყო, ამიტომ ახლა ამ ერთეულების შეერთებას ემხრობა.
დარჩია ჩვენთან საუბრისას იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს საკრებულოს ხუთშაბათის სხდომაზე განიხილავენ.
„საკითხის განხილვა იქნება, ალბათ. იქნება მსჯელობა, მეტი არაფერი. საკანონმდებლო აქტს და რამეს კი არ ვღებულობთ. ჩვენ რა უფლება გვაქვს მაგის? კი ბატონო, ხუთშაბათს განვიხილავთ საკითხს. თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით რაიმე სახის წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ჯერჯერობით არ მიგვიღია, მაგრამ მაინც ვგეგმავთ საკითხის განხილვას“, _ აცხადებს დარჩია და დასძენს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების მომხრეა, თუმცა თავს იკავებს დაზუსტებისგან, რა სარგებელს მოუტანს ეს ოზურგეთს.
„როგორც პიროვნება, ადამიანი, როგორც მოქალაქე, რომ გითხრათ სიმართლე, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი რომ გაყოფილიყო. დღეს მომხრე ვარ გაერთიანების. სატელეფონო საუბარში არ იქნება მიზანშეწონილი, გამორიცხულია ამაზე დაწვრილებით ვისაუბროთ მაგრამ, არ ვიყავი გაყოფის მომხრე…“, _ ამბობს დარჩია და დასძენს, რომ საკითხს საკრებულოში როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
„ჩემი კოლეგებისნაწილის აზრი ვიცი, რა თქმა უნდა, არიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მაგრამ არ ვიცი, განვიხილავთ და გამოჩნდება“, _ აცხადებს დარჩია „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკითხის განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთშაბათს იგეგმება, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე განიხილავენ საკითხს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოშიც. რა პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან საკრებულოები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სამინისტროს უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, რომ დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტი, რომელთაგან 7 თვითმმართველი ქალაქია, გაუქმდება და მათგან 7 მუნიციპალიტეტი შეიქმნება.
სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს დღეს წერილები უკვე გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა.