ბოლო ორ დღის განმავლობაში თბილისში ახალი ნარკოტიკით, ორი ახალგაზრდა, გოგო და ბიჭი გარდაიცვალა. ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს. ასეთი შემთხვევა თბილისში, დაახლოებით, 10 დღის წინაც მოხდა. გავრცელებული ცნობით, მაშინაც მსხვერპლი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც ზედოზირების სიმპტომებით ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.
ყველა ეს შემთხვევა თბილისში ბოლო პერიოდში გავრცელებული ნარკოტიკის – მეფედრონის მოხმარების შედეგია.
თეთრი ხმაურის მოძრაობა ახალი ნარკოტიკების გავრცელებას სახელმწიფოს მკაცრ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს.
ყველა შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.