ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი კახაბერ კამლაძეა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული დაცვის პოლიციის უფროსი ინსპექტორია. ის გიჩო მარგველაშვილის ნათესავის დაცვა იყო და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. სწორედ კამლაძემ ესროლა საპასუხოდ საბა გახოკიას , რომელიც ადგილზე დაიღუპა.
“ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულიქნა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.
საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა სახის ობიექტები.
გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გახოკიას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგებაშვილზე მომხდარი ანგარიშსწორების მოტივი წარსულში დაწყებული კონფლიქტია.