მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეობა დატოვა, უმრავლესობამ საბოლოო არჩევანი აცანის მაჟორიტარზე ემზარ თედორაძეზე შეაჩერა. საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უალტერნატივო კანდიდატი 26 ხმით დაამტკიცა.
უმრავლესობაში აღნიშნული პოსტის დასაკავებლად თედორაძესთან ერთად გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის რჩეულის ციცო ურუშაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მმართველმა გუნდმა აცანის მაჟორიტარი არჩია.
არადა, ჯერ კიდევ ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომამდე სოციალური კომისიის თავმჯდომარის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად სწორედ ურუშაძე სახელდებოდა. თუმცა, თავად ციცო ურუშაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას არ ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს და ამბობს, რომ მსგავსი ამბიცია არ ჰქონია.