კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ოპერატორების საქმიანობის ანალიზი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ერთი გიგაბაიტი მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება 77 თეთრი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით ნაკლებია.
ანგარიშის თანახმად, დღეს მობილური ოპერატორების ყოველთვიური შემოსავლების 41% სწორედ მობილური ინტერნეტის რეალიზაციიდან ფორმირდება, 46% მოდის ხმოვან მომსახურებაზე, 5% სმს-ებზე 8% კი სხვა სერვისებზე.
მთლიანობაში მობილურ ინტერნეტს 2.3 მილიონი ფიზიკური პირი, 0.7 მილიონი კორპორატიული კერძო და 200 ათასი კორპორატიული სახელმწიფო აბონენტი იყენებს.
2021 წლის სექტემბერში ამ აბონენტებმა ჯამში 28.9 პეტაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წინა წელთან შედარებით 55%-ით მეტია.
ამჟამად, ერთი აბონენტი თვის განმავლობაში საშუალოდ 9.5 გიგაბაიტ მობილურ ინტერნეტს მოიხმარს. კომპანიების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ასე ნაწილდება – “მაგთის” აბონენტი თვეში საშუალოდ 14.7 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარს; “სილქნეტის” აბონენტი – 7.6 გიგაბაიტს; “ბილაინის” აბონენტი კი თვეში 5.6 გიგაბაიტს.
წყარო:bm.ge