გურიას ნიჭიერი ადამიანები არასოდეს აკლდა, მათ შორის მხატვრები – დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, შალვა ძნელაძე, ივანე გუგუნავა, მერაბ ბერძენიშვილი, კოკი მახარაძე… თუმცა არსებობს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მხატვარი, ბრწყინვალე გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი (გოგეშვილი), დაიბადა 1878 წლის 14 დეკემბერს, გარდაიცვალა 28 დეკემბერს, 1907 წელს. სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის მხატვრები ჯერ კიდევ ჩრდილში იმყოფებიან. გურულ თემაზე მომუშავე ეგნატე ნინოშვილის მემორიალური მუზეუმის არქივის გამგე ზოია ტუღუში დაუღალავად ეძებს იმ დაფარულ პლასტებს, რომელიც გურიის ისტორიოგრაფიასა და ეთნოგრაფიაში გაფანტული. მის მშვენიერ ეთნოგრაფიულ კვლევაში ,,ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან” (2017), რომლის შეგროვება თავის დროზე მან ცნობილი მეცნიერის ქალბატონ ჯულიეტა რუხაძის წყალობით წამოიწყო, შეკრებილია ბრწყინვალე ეთნოგრაფიული მასალები და მათ შორის ნიგოეთელი მათე გოგეშვილის მოგონება მხატვარზე, რომელსაც ახლა გთავაზობთ.
,,მე მათე გოგეშვილი სკოლაში დავდიოდი იმ დროს, როცა ანტონ გოგეშვილი ზაფხულობით ჩამოდიოდა ბიძასთან – ალექსი გოგეშვილთან… ანტონი ავათმყოფი კაცი იყო, მეტ ნაწილათ მთებში დადიოდა, ისვენებდა. წაუღებდით ჭილოფს, მუთაქას და დაწობოდა. ერთ დღეს ვკითხე, მამაშენი თბილისში რაიზა არის თქვა, ძმაი აქ ყავს… მითხრა: ბატონყმობა ყოფილა. ბატონი მაჭუტაძე გაუჯავრებია რაღაცაზე ივანე გოგეშვილს. ბატონს ეთქვა, რადგან ივანემ გამაჯავრა, არ გამიგონა, საჯაროთ როზგი უნდა დავარტყავო, ეს ანტონის მამას – ივანეს გაეგო და ფეხით გაპარულიყო თბილისში (რკინიგზა არ ყოფილა იმ დროს ბათუმის ხაზზე)… ივანე ბევრს ეძებეს, მარა ვერ ნახენ, დაიკარგაო -ეტირათ მშობლებს.
ანტონმა მითხრა: მამა თბილისში მისულა ერთ დიდი ვაჭართან, რომელსაც მზარეული ყოლია და უთხრობია: – მე უპატრონო ბიჭი ვარ გურიიდან და მამუშავეო. ვაჭარს უთხრობია: თუ კარგათ მემსახურები ჩემს პოვართან, საჭმლის კეთებას გასწავლისო. შეთანხმებულა და კიდევაც უსწავლია ხელობა – მზარეულობა. უმუშავია დიდხანს, დაკაცებულა, უშოვია და ქალიც უთხოვია – კახელი, სახელათ დარო, ჩამოდიოდა ნიგოითში.
შეეძინეთ შვილებიც. მხოლოთ მე ავადმყოფი ვარ და აქ რაღაცეებს ვხატავ, გლეხების მდგომარეობასო და კიდევაც ხატავდა. მეც მიყურებია: გზაზე მიდის ფეხშიშველი კაცი, ჯოხზე ფეხშეკრული ქათმები აქვს გადადებული, მიყავს ლანჩხუთში პარასკეობაზე, ქალი მიყობა ინდაურით ხელში, ტანზე ჩახეული ტანსაცმლებით. წავა სადგურში მატარებელზე, ციცეები ყიდიან მარწყვს, აწვდის ფანჯარაზე. გზები წამხთარია… ურმით სიმინდი მოაქვს, ჩაეფლო ურემი ტალახში, ორი კაცი ქვედა საცვალ გამძვრალი ურემს აწობა უკან. წინ პატრონი ხარებს ცემს. ურემი ვერ ამოაქვს. ხარი წაიქცა… ეს ყველაფერი დახატა კარანდაშით, ქახალდზე.
ლაპარაკობს ხალხში: რა ცხოვრება გაქვენ, თქვე საწყლებოვო. ეცადეთ შიმშილს და ასეთ ცხოვრებას თავი დაახწიოთო. ხატავს ხალხის დგომარეობას, წავა თბილისში დედ-მამასთან, მეორე წელიწადს კიდევ ჩამოვა, დედა ჩამოყობა. ცოტა ხანს დედა დარჩება, მერე წავა. ანტონი ლაპარაკობს მეფის საწინააღმდეგო სიტყვებს, მეზობელი გლეხები იტყვიან: აბდალაია საწყალი. მეორე ეტყვის: ავათმყოფია, თვარა მეფიზა რავა უნდა ეთქვა: დაიჭერენ და საწყალსო, დაახრჩობენო, მარა ანტონი მისას ლაპარაკობდა. სულ გადახატა გაჭირვების დროში მყოფი მშობლები: ბატონი ეტლით მოდის. დახატა. ხატავს მთებს და ყველაფერს. დილ-დილობით თავშალმოხურული ჩადის ღელის პირში, ცივი ნაპირია აქო, იქნებ მომიხთესო. ჩვენ, ბაღნები, ბზდევთ, სადაც წავა, გვეტყვის: გაიზარდეთ და თქვენ კარგი დრო მოგესწრებათო. ბიძა ალექსი, ბიცოლა ივლიტე რას უკეთებს, რძეს ალევიებს ავათმყოფს. ხალხი ჩივოდა: ჭლექი სჭირს საწყალს, ვერიდოთო. მშობლები აქაურ ხალხს თბილისში უმასპინძლდებოდნენ. ანტონი მოკვდა, დაასაფლავეს თბილისში”.
ახლა დღევანდელობას დავუბრუნდეთ. ლანჩხუთის სამხატვრო სკოლა გაიხსნა 2007 წელს. 2015 წლის 19 ნოემბერს სკოლას მიენიჭა მისი დამაარსებლის – ვილი ბარამიძის სახელი. სამხატვროს სკოლის ძირითადი მიზანი და ამოცანაა მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, აზიაროს ხატვის ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ასევე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები. სკოლაში ისწავლება ხატვა, ფერწერა, ძერწვა; არჩევითი საგნებია გობელენი, ვიტრაჟი და ხატწერა. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ექვს წელს.
2004 წელს თბილისში გამოცხადდა კონკურსი ,,ეროვნული ერთიანობის მონუმენტზე”, რომელიც ეძღვნებოდა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთათვის მემორიალის დადგმას. ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ქანდაკების წრის აღზრდილებმა ლანჩხუთელმა ძმებმა არქიტექტორმა შოთა და მოქანდაკე მამუკა ჩხაიძეებმა. ამჟამად რუსთაველის პროსპექტზე მათ მიერ შექმნილი მონუმენტი დგას.
ამონარიდი მომავალი წიგნიდან ,,ლანჩხუთი და ლანჩხუთელები”