ძუ მგელმა ჩოხატაურში ძროხა დაგლიჯა _ შემთხვევა გუშინ სოფელ ზენობანში მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, სოფელის განაპირას მდებარე ტყის პირას ადგილობრივებმა ძროხის ბღავილი გაიგონეს. ხმას გაყვნენ და თავზე წაადგნენ ძუ, ლეკვებიან მგელს, რომელიც ერთ-ერთი იქაური მცხოვრების ძროხას გლეჯდა.
როგორც გვითხრეს, ძროხას დღე-დღეზე ხბო უნდა მოეგო. სამწუხაროდ, ძროხის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მგელი კი ტყისკენ გაიქცა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ნადირის მიერ შინაური პირუტყვის დაგლეჯის ფაქტი პირველი არაა და ისინი ადგილობრივ მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
“ისეც უდიდეს გასაჭირში ვცხოვრობთ. ახლა მგლები შემოგვესია. მგელი და ტურა ისე მომრავლდა, რომ მოსახლეობამდე ჩამოდიან. ხან თხას გლეჯენ, ხან _ ღორს, ხან _ ძროხას. კიდევ ზარალი რაღად გვინდა ისედაც გასაჭირში მყოფ ხალხს. მგლის ამოღებას ბუნებიდან სპეციალური ნებართვა სჭირდება. მოგვცენ ეს ნებართვა და მოგვხედონ! თუ სანამ ადამიანს არ დაჭამენ, არ მიიღებენ ზომებს?!” _ ამბობს “გურია ნიუსთან” წყარო.