“საშინელი მდგომარეობაა სასაფლაოებზე. მერიაშიც ბევრჯერ დავრეკეთ, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას. ეტყობა ცელი წაიღო სიორიძემ”, _ ასეთი შინაარსის წერილი “გურია ნიუსმა“ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ქალაქ ოზურგეთში “მოიდანახეს“ სასაფლაო ერთ-ერთი დიდი ტერიტორიაა. როგორც ადგილზე მისულებს ჯანაშიას ქუჩის მცხოვრებლებმა გვითხრეს, სასაფლაოს ტერიტორია, ბოლოს, აღდგომის წინა დღეებში გაიწმინდა.
“ნაგავს, რომ მიაქვს სასაფლაოს ტერიტორია ყველა კარგად ვხედავთ. როგორც კი ჩაურიცხავენ თანხას იმ ადამიანებს, ვინც ასუფთავებს სასაფლაოს, იმედია მოვლენ და გაწმენდენ. ეს არაფერია კიდევ, სასაფლაოს ტერიტორიას თანდათან აფართოებენ და ძალიან მალე, ალბათ, ფეხით გასასვლელი გზასაც არ დაგვიტოვებენ“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
ა(ა)იპ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის, სასაფლაოს მომსახურების განყოფილების უფროსი, ზვიად ჭანუყვაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, ჯანაშიას ქუჩის მხრიდან ტერიტორიის გასუფთავება დაიწყო, მაგრამ არც ჩვენ და არც ადგილობრივებს იქ არავინ შეგვინიშნავს.
“დაგვემატა რამდენიმე სასაფლაოს ტერიტორია და ამიტომ ცოტა დავაგვიანეთ მაქ მისვლა. ორი კაცი არის გამოყოფილი ამ საქმის მოსაგვარებლად და მუშაობენ. დამერწმუნეთ დაწყებულია ამ პრობლემების მოგვარება. მინდა გითხრათ, რომ ასევე უპატრონო სასაფლაოებსაც ვასუფთავებთ მცენარეებისგან“, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
ჩვენს კითხვაზე, რატომ ვერ ვნახეთ იქ ყოვნისას ადამიანები, რომლებიც სამუშაოს ასრულებდნენ? _ ზვიად ჭანუყვაძემ გვითხრა, შესაძლებელია, ისვენებდნენ.
“შეიძლება ისვენებენ. ადრე დილით მუშაობდნენ და ახლა ეტყობა შესვენებაზე არიან. მინდა გითხრათ, რომ ვიცით ამ პრობლემის შესახებ და ვაგვარებთ. ასე ერთ დღეში ეს საქმე არ გამოვა. თუ საჭირო იქნება დავახმართ ხალხს“, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ზვიად ჭანუყვაძემ.