“განგანტუა და პანტაგრუელის” ავტორი, მწერალი-სატირიკოსი ფრანსუა რაბლე, თავისი გმირების მსგავსად, თავსმოხვეულ უსიამოვნებებს მახვილგონივრული ხერხებით ებრძოდა.
ერთხელ, პარიზში მიმავალი, ლიონის სასტუმროში დაბინავდა. საღამო ხანს ქალაქში გაიარა და უკან გამოცარიელებული ჯიბით დაბრუნდა – ვერც სასტუმროს მეპატრონეს უსწორებდა ანგარიშს და გზასაც ვეღარ აგრძელებდა. მაშინ ასეთ ხერხს მიმართა: შეკერა სამი ტომსიკა, შიგ რაღაც ფხვნილი ჩაყარა და თითოეულს წარწერა გაუკეთა: “საწამლავი მეფისთვის,” “საწამლავი დედოფლისთვის”, “საწამლავი უფლისწულისთვის.” ტომსიკები ფანჯრის რაფაზე, გამოსაჩენ ადგილას შემოდო. სასურველმა ეფექტმაც არ დააყოვნა. სასტუმროს მეპატრონე მაშინვე ადგილობრივ ხელისუფალთან გაიქცა, რომლის განკარგულებით რაბლე
დაატყვევეს, სასწრაფოდ პარიზში ჩაიყვანეს და “ნივთმტკიცებებთან” ერთად ფრანცისკ პირველს მიჰგვარეს, რომელიც მწერალს პირადად იცნობდა. მეფის წინაშე რაბლემ გაამხილა ამ უჩვეულო “გამოფენის” მოწყობის ჭეშმარიტი მიზეზი, ნათქვამის დასამტკიცებლად კი მეფის თვალწინ რიგრიგობით ამოიღო ტომსიკებიდან “საწამლავი” და წყალთან ერთად მიირთვა. თეთრი ფერის ფხვნილი შაქარი აღმოჩნდა.