მოხუცი ფოსტალიონის – გიორგის როლს რომ ამზადებდა ფილმისათვის “დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, სერგო ზაქარიაძეს 16 კილოგრამით დაუკლია წონაში. თურმე ამბობდა, შეუძლებელია, ფოსტალიონი მსუქანი იყოს, იმდენს დადის ფეხით, აუცილებლად გამხდარი იქნებაო.
სიკო დოლიძე იხსენებდა: “ერთხელ მე და სერგო, რომელსაც ფოსტის მსახურის ტანსაცმელი ეცვა და მხარზე გაზეთებით სავსე ჩანთა ეკიდა, კავშირგაბმულობის მინისტრთან შევედით. სერგო მორცხვად გაჩერდა კარის ზღურბლთან. მინისტრი მე მელაპარაკებოდა და თან სერგოს გადახედავდა ხოლმე. ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ჰკითხა – თქვენ ვინ ბრძანდებით, რომელი საფოსტო განყოფილებიდან ხართო“.
იყო პერიოდი, როდესაც სერგო ზაქარიაძე მარჯანიშვილის თეატრში აღარ მუშაობდა. იგი მხოლოდ მხატვრული ფილმების სტუდიაში იყო დაკავებული დუბლიაჟზე. ხშირად ეპიზოდს ელოდებოდა, თავისუფალ დროს კოლეგებს უკითხავდა ვაჟა ფშაველას, ანა კალანდაძის ლექსებს, ნაწყვეტებს ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებიდან. თანაც ითხოვდა პირუთვნელ შეფასებას, რჩევას. თავიანთ შეხედულებებს უზიარებდნენ თამარ ციციშვილი, დუდუხანა წეროძე, კოტე დაუშვილი და სხვები.
ასე, მეტად “მაღალკვალიფიციური” მსმენელების დახმარებით, შექმნა თავისი ბრწყინვალე საკონცერტო პროგრამა ერთი საღამოსთვის, რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.