ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ შეიტყო უცნაური კატის, სმოკის შესახებ, რომელიც ინგლისში, ნორტჰემპტონშირის საგრაფოში ცხოვრობს. სმოკი იმდენად ხმამაღლა კნავის, რომ, შესაძლოა, ახლო მომავალში გინესის რეკორდების წიგნშიც შეიტანონ.
ამ მიზნით სმოკის სპეციალისტები ეწვივნენ, მისი “სიმღერა” საგანგებო აპარატურით ჩაიწერეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. დადგინდა, რომ სმოკი 16-ჯერ უფრო ხმამაღლა კნავის, ვიდრე ჩვეულებრივი, შინაური კატა.
მისი პატრონი რუთი ადამსი ჩივის, სმოკი ზოგჯერ ისეთ ხმას გამოსცემს, გეგონებათ, შინ ტრაქტორი დახრიგინებსო. ვინ იცის, იქნებ პატრონზე გაბრაზებული ამით გამოხატავს პროტესტს. თუმცა, რუთი ადამსი ირწმუნება, რომ საყვარელ კატას ცივ ნიავს არ აკარებს და განსაკუთრებულად უვლის.
სანამ კატა ჩხავილს განაგრძობს, სპეციალისტები ბჭობენ, შეიყვანონ თუ არა მჩხავანა კატა გინესის რეკორდების წიგნში, ჯერჯერობით, პატრონს მოუწევს “მომღერალი” კატის გამაყრუებელი “არიების” ატანა.