ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილი ავრცელებს:
“ჩვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, ვიზიარებთ საჯარო მოხელეთა მიერ გავრცელებულ განცხადებათა სულისკვეთებას და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრებითა და რწმენით, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების ერთგულებით, მივიჩნევთ, რომ:
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ამასთანავე, ვგმობთ 2024 წლის 29 ნოემბერს, საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მიზანმიმართული დევნის, უსაფუძვლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
მოვუწოდებთ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, უერთგულონ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს, შეცვალონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება და მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეაჩერონ საქართველოს ევროპული საზოგადოებისგან იზოლაცია და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგები.