დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცლებს.
„მეგობრებო, მომწერა მეორე პიროვნებამ, რომელსაც ვეძებდი. მადლობა, მეგობარო, გულწრფელად რომ მომწერე, ამ სურათში მე ვარო. ვიცი და მჯერა, რომ გაგეგო ანის ყვირილი, მიეხმარებოდი. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც მეხმარებით, თუნდაც მცირედით. არ იცოდა ადამიანმა, რომ ეძებდნენ და თავად მომწერა, რომ ამოიცნო საკუთარი თავი” – წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გოგონას დედამ პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას სთხოვა, 2 პიროვნების მოძებნაში დახმარებოდნენ.
“მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას თხოვნით, გააზიაროთ ეს პოსტი. ვეძებთ 65 დღე ორ პიროვნებას, რომლებმაც გაიარეს ის ტერიტორია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც უკვე ანი იძულებით შეყვანილია მკვლელობის ადგილზე. არის ალბათობა, რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას. სახელი და გვარი არ ვიცით. გთხოვთ, დააკვირდეთ და პირად შეტყობინებაში მომწეროთ”, – წერდა ნატო ხუტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.