მიმდინარე წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი აგრძელებს ქალაქის ქუჩებში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. როგორც მერიის ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, ქალაქის მასშტაბით, სულ ასეთი ცხრა ქუჩა შეირჩა _ ებრალიძის, გოგებაშვილის, წერეთლის, ნინოშვილის (I შესახვევი), ჭანტურიას, თავდიშვილის, ხომერიკის, კუპრეიშვილის, ნათლისმცემლის ქუჩებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 1 169 999 ლარითაა განსაზღვრული.
ზემოთ ნახსენებ ჩამონათვალში ვერ მოხვდა მორჩილაძის ქუჩა, რამაც ქუჩის მცხოვრებთა გულისწყრომა გამოიწვია.
“მორჩილაძის ქუჩაც ლანჩხუთისაა. ამ ქუჩაზეც შემოიჭყიტონ და დაინახონ ორმოები და ტალახი. მატარებლიდან ბევრი უცხო თვალი ხედვას აქაურობას და სირცხვილია ამდენი ორმო-ტალახების დანახვა. პირველ რიგში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე არხები უნდა გაკეთებულიყო, ყველა ქუჩის ნიაღვარი აქეთ იყრის თავს. ერთხელაც, წყალდიდობა არ აცდება აქაურობას. რა დააშავა არაცენტრალურმა ლანჩხუთმა?! მივმართეთ ყველას, ვისთვისაც უნდა მიგვემართა, მაგრამ რაც არის, ფაქტი აქაა”, _ ამბობენ მორჩილაძის ქუჩის მობინადრეები, რომლებმაც პირობა, რომ მათ ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყობოდა, გასული წლის ზაფხულშიც მიიღოს ადგილობრივი მაღალჩინოსნებისგან.
მაშინ ადგილზე მისულ მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ამ ქუჩის მცხოვრებლებმა პირადად მოსთხოვეს სანიაღვრე არხის მოწყობა. ადგილობრივები სარკინიგზო მილხიდის გასუფთავებასაც ითხოვდნენ.
“სანიაღვრე არხების გარეშე ქალაქში არ დარჩება არც ერთი ქუჩა, მათ შორის, არც თქვენი”, _ დააიმედა მერმა მორჩილაძის ქუჩის მობინადრეები და აღუთქვა, რომ სარკინიგზო მილხიდის საკითხზეც აუცილებლად დაუკავშირდებოდა რკინიგზის დეპარტამენტს.
“ამ შეხვედრამდე და მერეც არაერთხელ მივიღეთ პირობა, რომ ჩვენს ქუჩის პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით, სასიკეთო არაფერია”, _ ამბობს მოსახლეობა და მერიისგან პასუხს ითხოვს კითხვაზე _ თუ როდის შესრულდება მათთვის მიცემული პირობა.
ლანჩხუთის მერიაში კი “გურია ნიუსს” განუმარტეს, რომ აღნიშნულ ქუჩასთან დაკავშირებით პროექტი უკვე არსებობს და ახლა დაფინანსებას ელოდებიან.