11 აპრილს, სასკოლო პროექტის: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია” ფარგლებში, სსიპ- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში, გაიმართა დებატები თემაზე: “ტოლერანტობა და ჰუმანიზმი”.
დებატებში მეცხრე- მეათე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ,
მასწავლებლების, ხათუნა ბარამიძის და ნინა ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ ესმით, რა არის ტოლერანტობა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის შემწყნარებლობას , ემპათიას, მოიყვანეს ფაქტები და მაგალითები ისტორიიდან , ლიტერატურიდან, შეეხნენ უკრაინის მოვლენებს, განიხილეს პროექტის ფარგლებში ნანახი, რომა პოლანსკის ფილმი „პიანისტი“.
_ ღონისძიებაზე აქცენტირებული იყო უკრაინის მოვლენები. ბავშვებმა კარგად გადმოსცეს, რომ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია ტოლერანტობა. ამ და მომდევნო კვირაში კიდევ იგეგმება ფილმების: სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია“ და პიტერ ფარელის „ მწვანე წიგნის “ ჩვენება და განხილვა, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ.
პროექტის „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ აქტივობები, ბახვის სკოლაში მთელი წლის მანძილზეა გაწერილი. მისი მიზანია მოსწავლეებში ტოლერანტული დამოკიდებულების ხელშეწყობა, სასკოლო საზოგადოებაში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება, ტოლერანტობის თემაზე არსებული ლიტერატურის მოძიება.
ავტორი