ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.,
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, ინფიცირების შემთხვევები მომატებულია. მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით და ნებისმიერი იმ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რაც კორონავირუსს ახასიათებს, უნდა გაიკეთოს ტესტი დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს.
“ბოლო პერიოდში ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შედარებით მოიმატა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ, მაგრამ ეს არ გვიჩვენებს რეალურ სურათს, გამომდინარე იქედან, რომ ტესტირების რაოდენობა არის შემცირებული და გასატესტად მოდიან მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა ძალიან შეაწუხებთ სიმპტომები. ამას თან ერთვის ის, რომ შერბილდა რეგულაცია და არ ხდება პირადი დაცვის საშუალებების ტარება, შესაბამისად დარღვეულია დისტანცირება, ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში არავინ არ ხმარობს ნიღბებს. ტურისტულ სეზონზე იზრდება იმის რისკი, რომ შესაძლოა, გადამდებლობამ მოიმატოს და შესაბამისად გაიზარდოს ინფიცირების შემთხვევები. ექსპერტების გამოთვლებით, ზაფხულის ბოლოსთვის შედარებით მომატებული იქნება დადებითი შემთხვევების რაოდენობა. ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით და ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ტესტირება და მიმართოს ოჯახის ექიმს შემდგომი მკურნალობისთვის”,_ ამბობს სიმონიშვილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21824 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21719 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ავტორი