თითქმის ორი თვეა, რაც საწვავი მუდმივად ძვირდება მსოფლიო ბაზარზე და ტრენდი საქართველოშიც აისახება.
როგორია საფასო ტენდენცია და უნდა ელოდეს თუ არა მომხმარებელი საწვავის კიდევ მეტად გაძვირებას, „ბიზნესპრესნიუსთან “ „სენტა ოილ“-ის დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე საუბრობს.
„ის, რაც ხდება დანარჩენ მსოფლიოში, ან რუსულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენთანაც. გაძვირებული ფასებით როცა შემოდის პროდუქტი ბაზარზე, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ხდება ცვლილება. აქედან გამომდინარე, ფასის მატებაც.
რაც შეეხება რუსული ბაზრის ფასებს, ბოლო 1 თვეში 100 დოლარზე ცოტა მეტით არის გაზრდილი 1 ტონაზე. ლიტრის ფასებში რომ გადავიყვანოთ, 25-30 თეთრით არის გაზრდილი 1 ლიტრზე თვითღირებულება. ამას შემდეგ ემატება დისტრიბუცია და ა.შ. როცა ასეთი, გაძვირებული პროდუქტი შემოდის ბაზარზე, კომპანიებსაც უძვირდებათ პროდუქცია და გასაყიდი ფასიც მეტია. ძალიან არასერიოზული იქნება, თუ ახლა ვინმე იტყვის, ზუსტად რამდენით გაიზრდება ფასი, ან როგორი იქნება უახლოეს მომავალში ზუსტი სარეალიზაციო ღირებულება, თუმცა აგვისტო-სექტემბერში, როგორც წესი, საწვავი ძვირდება და ახლაც, ამ ტენდენციას ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
შეგახსენებთ, ნავთობ იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში ქვეყანაში მოხმარებული საწვავის 81% რუსულია.
წყარო: bpn.ge