კორონავირუსზე ვაქცინაცია გაგრძელდება მულტიპროფილურ სტაციონარებში, სადაც იქვე არის რეანიმაციული განყოფილება,_ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემა „იმედის დღეში განაცხადა.
მოსალოდნელია თუ არა გურიაში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესის შეწყვეტა – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორს, ანტონ ხუნდაძეს დავუკავშირდით.
ხუნდაძე გვეუბნება, რომ კლინიკები, სადაც გურიაში კორონავირუსის ვაქცინა ტარდება სათანადოდ აღჭურვილია.
„სადაც კეთდება ვაქცინა კორონავირუსზე, ყველა კლინიკა მულტიპროფილურია ჩოხატაურშიც, ოზურგეთშიც და ლანჩხუთშიც. გვაქვს სპეციალურად აღჭურვილი ოთახი, სადაც რაიმე გართულების შექმნის შემთხვევაში კორონავირუსზე აცრილ პირს მოვათავსებთ“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსზე აცრას საქართველოში 1 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალციხეში მომუშავე ექთანია. ის ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში კომაში ჩავარდა. რის შემდეგაც, ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს. ექთანი დღეს გარდაიცვალა.