მოსკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დაგეგმილზე ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 13:50 საათზე ელოდებოდა.
flightradar-ის მონაცემებით, თბილისის დროით 10:46 წუთზე ავიაკომპანია “აზიმუტის” თვითმფრინავი უკვე 38 წუთის გამოფრენილი იყო მოსკოვიდან. თბილისში მისი დაშვების სავარაუდო დროდ მითითებულია 12:22 საათი.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს 70-მდე ადამიანი მოჰყავს. თვითმფრინავი 100-მდე მგზავრს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე რეისზე ბილეთების 70 პროცენტი გაიყიდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ავიაკომპანიას პირველ რეისზე ბილეთები გაყიდული აქვს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც – საქართველოდან დაახლოებით 50 მგზავრი მიფრინავს.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
- რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
- 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.
- სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ “აზიმუტს” პირდაპირი ფრენების უფლება 15 მაისს მისცა.
- წყარო: “რადიოთავისუფლება”