„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ღამის გამო, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს.
„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. უკაცრავად,რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“_ განაცხადა ბურჯანაძემ.
კოსაჩოვმა კი ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა.
რუსული სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური გამოეხმაურა.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძეს რუსეთში ბოდიში არავისთვის მოუხდია.
“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას – ფაქტს უწოდა სამწუხარო, თუმცა, მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია,”_ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა სცადა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა – აქცია ღამით სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.
აქციის დაშლისას არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები.