გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე ვაია, არ მოვა – ვუია, – განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, არ უშველის მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა.
„მოვა, ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს თუ რა სავარაუდო დანაშაულები აქვს ჩადენილი არა მარტო ქვეყნის წინაშე, რაც, რა თქმა უნდა, მთავარია, ასევე გუნდის წინაშე. ამას კიდევ ერთხელ საჯაროდ დაინახავს საზოგადოება.
არ უშველის მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა. იქ, რეალურად საზოგადოება დაინახავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით გახარიაზე. თუ არ მოვა, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ვეღარ ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა. შესაბამისად, ამას არც ბრიფინგის ჩანიშვნა უშველის ახლა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც მისი რაიმე ძველი ტრიუკები, რომელიც უკვე ძალიან მოძველდა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.