ხალხმრავლობა და ხმაური იყო დღეს სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხიდმაღალაში, სადაც ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
“ენით აღუწერელი რამ ხდებოდა აქ დილით, წყალმა ეზოები მთლიანად დაგვიტბორა. ფაქტობრივად, ბოსტანი აღარ გვაქვს, წყლით იყო ყველაფერი დაფარული. ნალექი დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. წლებია ასე ვართ. ორშაბათს მერიაშიც ვიყავით მისულები. შევხვდით მერს, საკრებულოშიც მივედით. უმრავლესობის ზოგიერთი წევრი აქეთ გამოგვეჭიმა, რას ქვია ხმას იღებთო. გვითხრეს. ახლა წადით და რამდენიმე საათში ჩვენც მოვალთ, ადგილზე ვნახავთ ყველაფერსო. ველოდეთ დათქმულ დროს, მარა მერე დაგვირეკეს, ორ დღეში მოვალთო.
აჰა, ეს ორი დღეს გავიდა და წესით, დღეს უნდა მისულიყვნენ, მაგრამ არავინ ჩანს, არადა, წაგვიღო წყალმა. მოვიდნენ კი არა, ამბავიც არავის უკითხავს. მთელი ქუჩა აქ ვართ შეკრებილი და მოვიდნენ, ნახონ რა დღეში ვართ”, _ ამბობდნენ ადგილზე შეკრებილები. მოსახლეობის პრობლემის გასაცნობად ადგილზე “ლელოსა” და გიორგი გახარიას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით ადგილზე მერის წარმომადგენელი სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით გუმბარიძეც მივიდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ კი მოუცლელობა მოიმიზეზა და შეკრებულ მოსახლეობას შემოუთვალა, რომ მათთან შეხვედრას ხუთშაბათს, 23 ივნისს გამართავდა.
ავტორი