თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რითაც ე.წ. ტიტანიკის კორპუსში მოზარდის ლიფტის შახტში ჩავარდნას ეხმაურება.
“შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”,_ აცხადებს თბილისის მერია.