მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული. არასრულწლოვანი “აჭარის ტელევიზიასთან” ინტერვიუში ჰყევბა, რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. მისივე თქმით, თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.
სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 5 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს.
გასული წლის 14 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისში დაწყებული გამოძიების თანახმად, ქართულ ინტერნეტში ონლაინ თამაშის – ეგრეთ წოდებული “ლურჯი ვეშაპის” არსებობა არ დასტურდება.