დედაქალაქის მთავრობის სხდომა თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 ივნისს, ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის გახსენებით დაიწყო და ახალგაზრდებს უსურვა, რომ ერთობა და მიზანსწრაფულობა, რასაც იმ მძიმე დღეებში იჩენდნენ არასდროს დაკარგონ.
„მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების სოლიდარობა, ერთობა იმ დღეებში. ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, როგორი იყო თანადგომა და როგორ ვმუშაობდით, ვაკეთებდით იმას, რომ მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ“,_განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.
სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება, სრულიად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე თემაზე:
სამი წელი სტიქიიდან _ “ჩვენ მათი ხმებიც გვესმოდა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას”