მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, უვადო პატიმრობის სასჯელი ძალაში დატოვა.
ბეროზაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ პირველის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა 2023 წლის 23 იანვარს შეუფარდა.
საქმე ეხება 2022 წლის აპრილში მომხდარ დანაშაულს. გამოძიების თანახმად, ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების ცხედრებს იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.
მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.