ახლახან, ოზურგეთის გრიგოლ კილაძის სამუსიკო სკოლაში თათა ასათიანი–აიგნერის კონცერტი შედგა.
ის ოზურგეთში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ კი, მოტივირებულმა გოგონამ, რომელსაც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, ფართო გზა გაიკვალა მუსიკალურ სამყაროში _ ახლა ის ავსტრიაში ცხოვრობს.
ოზურგეთის მუსიკალურ სკოლაში სტუმრობისას თათა ასათიანმა შეასრულა ცნობილი ავსტრიელი და პოლონელი კომპოზიტორების _ შუბერტის და შოპენის ნაწარმოებები, ასევე, დაუკრა სხვა მუსიკალური ნაწარმოებები.
საღამოს ესწრებოდნენ მუსიკალური სკოლის პედაგოგები და სხვა დაინტერესებული საზოგადოება.
ოზურგეთელი გულშემატკივრები დაინტერესდნენ თათა ასათიანის ბიოგრაფიით.
გოგონამ დაამთავრა თბილისის ხელოვნების კოლეჯი და სახელმწიფო კონსერვატორია. წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა (მათ შორის, საერთაშორისო) მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებში.
თათა ასათიანი წლებია, ავსტრიაში ცხოვრობს და მუშაობს. არის მუსიკის პედაგოგი ვაიდჰოფენის (ზემო ავსტრია) მუსიკალურ სკოლაში. მეუღლე ალექს აიგნერი მუსიკოსია. მათ ჰყავთ ბენდი, რომელიც შაბათ-კვირაობით მართავენ კონცერტებს.
თათა ასათიანი-აიგნერი საქართველოში მეუღლესთან ერთად წინასაახალწლოდ ჩამოვიდა. რამდენიმე კონცერტი თბილისში გამართა.
_ ჩემი გოგონა პროფესიით პიანისტია. დიდი ხანია, ველოდი მის ჩამოსვლას. მას ჩემი უმცროსი ვაჟი გიორგი შეხვდა და ასე ჩამოვიდნენ ოზურგეთში. ჰყავს კარგი მეუღლე, აქვს საუკეთესო მუსიკალური უნარები და შესაბამისი განათლება. მიხარია, რომ მას ოზურგეთში სიყვარულით შეხვდნენ. მსურს, მუდამ წარმატებები ჰქონდეს და გამარჯვებები ვუსურვო, _ გვითხრა თათა ასათიანის მამამ, ჟურნალისტმა ნუგზარ ასათიანმა.






































































