მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი, დათარიღებული 8 ათასი წლით სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ითვლიან 500-ზე მეტ ადგილობრივ უძველესს ჯიშს, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.
„სუფრასთანაა დაკავშირებული ქართული ღვინის მირთმევის კულტურაც. ალბათ ყველა თქვენგანი იცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს.
ჩვენ ვამაყობთ, ამ ღვთაებრივი სასმელის დამზადების რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით, რაც არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი, დათარიღებული 8 ათასი წლით სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების განვითარებაზე.
სწორედ ამიტომ გამოცხადდა იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად.
საქართველოში ითვლიან 500-ზე მეტ ადგილობრივ უძველესს ჯიშს, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. ღვინის ქვეყანაში, ისტორიულად, თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა საკუთარი მცირე მარანი. ვაზი და ღვინო საღმრთო, რიტუალურ, რელიგიური კულტის დონემდე იყო აყვანილი იმდენად, რომ სამშობლოს ყველაზე მაღალ ეპითეტად ვენახთან შედარებას იყენებდნენ; ქებათა-ქება ვაზისადმი – “შენ ხარ ვენახი”, საგალობლად და ერთგვარ ეროვნულ ჰიმნად იქცა. ეს არის ლოცვა ქართველი კაცისა, ვისთვისაც მამული, ვაზი და ვაზის ლერწით შეკრული ქართველთა გამაქრისტიანებელი ჯვარი ერთ სიმაღლეზე დგას. ქრისტიანობის ისტორიამ არ იცის მსგავსი და თან უფრო პოეტური ფორმა ქრისტეს სჯულზე მოქცევისა.
ვამაყობ, რომ მქონდა პატივი ხელი მომეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), რომელმაც გაზარდა ქართული ღვინის ცნობადობა და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული მეღვინეობის სექტორი კიდევ უფრო განვითარდა, რაც 8 000 წლის წინ დაწყებული ისტორიის ღირსეული დღევანდელი დღეა”, – განაცხადა პრემიერმა.