გავლენიანმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ მსოფლიოს ყველაზე საშიში კურორტების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ტურისტების სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. საშიში კურორტების რეიტინგი ავარიებით, ქურდობებით, ცუდი მომსახურებითა და სხვა ნიუანსებით შეაფასეს. რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 60 ათასი ტურისტის მიერ გამოთქმული შთაბეჭდილებებით შეიქმნა.
ტაილანდი
სწორედ აქ შეხვდებით ყველაზე მეტ ავარიას, საჭმლით მოწამვლას და ქურდობას. ამ ქვეყანაში სტუმრობისას ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიფრთხილის გამოვლენა გმართებთ. ნუ დათანხმდებით საეჭვო ექსკურსიებს, თუ ოფიციალური ტურისტული სააგენტოები არ გთავაზობთ. ტაქსში ჩაჯდომამდე კარგად გაარკვიეთ, მძღოლმა ზუსტად გაიგო თუ არა თქვენი მოთხოვნა. სხვა შემთხვევაში შეიძლება ტაქსის მძღოლმა სხვა მარშრუტით მოგატაროთ და ისეთი ფასი დაგისახელოთ, რომ ძვირფასი სამკაულების დატოვებაც კი მოგიწიოთ.
სასტუმროს დატოვებისას ყოველთვის აიღეთ სავიზიტო ბარათი, სადაც გარკვევით წერია მისამართი და მასთან მისასვლელი სქემა. იმისათვის, რომ დასვენება არ ჩაიშხამოთ, ნუ დალევთ ონკანის წყალს. თავი შეიკავეთ ქუჩაში საჭმლის ყიდვისაგან და უცხო ადამიანების გამასპინძლებაზეც უარი თქვით. ტაილანდის ეგზოტიკურობა მხოლოდ მასაჟითა და სპა პროცედურებით შემოფარგლეთ.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკაში მოგზაურებს ყველაზე ხშირად ძარცვავენ, მათ შორის იარაღის გამოყენებითაც. ტურისტებს ჩემოდნები უმეტესწილად სასტუმროში მისვლამდე ეკარგებათ. სამხრეთ აფრიკაში კრიმინალური მდგომარეობა ყველაზე მაღალია. მაქსიმალურად თქვით უარი შემდეგ ქალაქებში მოგზაურებაზე – იოჰანესბურგი, სოუეტო, ჰილბრო, ალექსანდრა და კეტლჰონგი.
გველის კუნძული (ბრაზილიის ტერიტორია)
ამ კუნძულზე ყველაზე შხამიანი გველები ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე, ტურისტების დაკბენის რაოდენობაც ყველაზე მაღალია. სტატისტიკურად, კუნძულის ერთ კვადრატულ მეტრზე ერთიდან ხუთამდე ქვეწარმავალი მოდის. სწორედ ამიტომ ოფიციალურად ამ კუნძულის მონახულება აკრძალულია. თუმცა ექსტრემალები მაინც ჩადიან.
ბარბადოსი
რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, კარიბის ზღვის ეს ადგილი საშიში კურორტების სიაში მოხვდა. ბარბადოსში უამრავი ტროპიკული შხამიანი მწერია. გარდა ამისა, ტურისტები ხშირად ზარალდებიან ზვიგენებთან და სხვა მტაცებელ თევზებთან შეხვედრის შემთხვევაში. თუ ბარბადოსში დასვენება გადაწყვიტეთ, მხოლოდ ცივილიზებულ პლაჟებზე დაისვენეთ, რომელიც ზემოჩამოთვლილი საფრთხეებისაგან დაცულია.
ინდოეთი
ამ ქვეყანაში მოგზაურობა მხოლოდ მას შემდეგაა რეკომენდებული, რაც სპეციალურ პროცედურებს ჩაიტარებთ შხამიანი მწერების, ვირუსებისა და სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ. ინდოეთში ტურისტების სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტი სხვადასხვა მწერებისა და ცხოველების ნაკბენებზე მოდის. საშიში ინფექციები კი წყლის დალევის ან წყალში ცურვის შედეგად შეიძლება აიკიდოთ.
კუბა
ტურისტების მტკიცებით, ამ ზღაპრულ კურორტზე ყველაზე დიდი რისკი ვენერული სნეულებებით დაავადებაა. ასევე შეიძლება უფრო სწრაფად და მარტივად გახდე ნარკომანი, ვიდრე ამას წარმოიდგენთ. სტატისტიკურად, კუბაში ტურისტები ნარკოტიკებს იმ შემთხვევაშიც კი ეტანებიან, თუ მანამდე მის მიმართ არავითარ ინტერესს არ გამოხატავდნენ.
ავტორი