მსოფლიოში უძვირეს უძრავი ქონების ობიექტად ინდოეთში მდებარე 27-სართულიანი შენობა „ანტილა“ მიიჩნევა. მისი ფასი ერთიდან ორ მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, უძრავი ქონების ინდიკატორების კვლევაშია საუბარი.
ინდოეთში მდებარე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული შენობა ქალაქ მუმბაიში მდებარეობს და მისი მეპატრონე მილიარდერი მუკეშ ამბანია. შენობის ფართობი 3 700 კვადრატულ მეტრზე მეტია. შენობა უამრავი საძინებლის, სააბაზანოსა და მისაღები ოთახისგან შედგება. გარდა ამისა, სახლს აქვს 9 ლიფტი, ექვსსართულიანი გარაჟი, საგამოფენო დარბაზი, მინი-თეატრი, რამდენიმე ბარი და მწვანე ზონა.
მეორე ადგილზე გავიდა ვილა „ლეოპოლდი“, რომელიც საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარეობს. მისი ფასი 506-დან 750 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ვილა ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორემ 1902 წელს ააგო. მისი ამჟამინდელი მფლობელი კი ლიბანელი მილიარდერი ბანკირის, ედმონდ საფრის ქვრივია. შენობის საცხოვრებელი ფართობი 7 500 კვადრატული მეტრია.
უძვირფასესი სახლების სამეულშია ბრიტანეთში, ჰაიდ პარკთან მდებარე ლონდონური ბინა-პენტჰაუსი, რომელიც 220 მილიონ დოლარად გაიყიდა და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბინაა.
ავტორი