ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაემგზავრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე – ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი, _ ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სამართალდამცველები, ტყიბულში სამთო მაშველთა დამატებითი ჯგუფი თბილისიდანაც გაემგზავრა…
ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე პირველივე წუთებიდან იმყოფებიან რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში 4 მაღაროელი სიმაღლიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.