როგორც უკვე ვწერდით, დღეს ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში _ მარკოიძეების სამსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას დიდხანს ცდილობდნენ, თუმცა, დაიწვა საცხოვრებელი სახლის სამივე სართული.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე მისული სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა გაუმართავი იყო და ცეცხლის ქრობის სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო.
“რას მოდიოდა მანქანა, თუ წყლის მისხმა არ შეეძლო. ესაა, სისტემა?! ესაა რაიონი?! ყველაფერი აქ როგორ გვჭირს?! ასეთი არაფერი გაგვიგია, მანქანა იდგა და წყალს ვერ უშვებდნენ! იდგნენ და უყურებდნენ, როგორ იწვოდა სახლი. საცოდაობაა, მთლიანად ჩაიფერფლა სამსართულიანი სახლი. მაშველებს შეეშალათ თუ სისტემაა გაუმართავი, ვინ გაიგებს”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას თვითმხილველები.
რა გახდა აღნიშნული შეფერხების მიზეზი, ამის გასარკვევად “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. კომენტარს, რომელსაც უკვე სამი საათია ველოდებით, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.