მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელიც 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა, გაიხსნა. მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, ის გუშინ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს და მიიღო დაპირება, რომ დღეს გაიხსნებოდა მონასტერი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.
„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.