მინივენების და სხვა ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანა რეგიონებშიც კანონით დარეგულირდება. ამის შესახებ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ ცვლილების შესატანად.
კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტის მიღების შედეგად ნებართვას დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას.
ნებართვა გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით, ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
მუნიციპალიტეტებს (გარდა თბილისისა) 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
სანებართვო პირობების დარღვევით მგზავრების გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 და 200 ლარის ოდენობით.