მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 16 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება -მშენებლობა იწყება.
„ეს კეთდება ბავშვებისთვის – ჩვენი ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ივარჯიშონ მაღალი დონის სტადიონებზე და ჰქონდეთ განვითარების რეალური შესაძლებლობა,“ – აღნიშნა ოფიციალური ინფორმაციით ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები უნდა აშენდეს უმაღლესი ხარისხით და ამ მიმართულებით კომპრომისი არ დაიშვება. რევაზ სოხაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლი განხორციელდება ყველა ეტაპზე პროექტირების, ზედამხედველობისა და შესრულების ყველა დეტალის ჩათვლით.
რევაზ სოხაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული. მისი განმარტებით, ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს შსაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეცვლის მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობას. პროექტის ფარგლებში იხარჯება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს ინვესტიციას მომავალ თაობაში და რეგიონების მდგრად განვითარებაში
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებელებისთის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა – გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
16 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობა იწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის,სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
































































