მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს.
მარხვის თვე მუსლიმებისათვის 1 აპრილს დაიწყო. რამადანი, იგივე მარხვის თვე, ისლამურ სამყაროში 30 დღე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, ყველა მუსლიმი მარხულობს.
ეს პერიოდი, მორწმუნეებისათვის საკვებზე უარის თქმის გარდა, ღვთის საამებელ საქმეებს, ლოცვას, მოწყალებას, მოთმინებას, თავმდაბლობასა და სულიერ სიმშვიდეს გულისხმობს.
რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია.
მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე ანუ იფთარზე მიპატიჟება.
მარხვა ყველა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. რამადანის დროს მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფი ადამიანებსა და ორსულ ქალებს უფლება აქვთ მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მათ ეს მარხვა აუცილებლად უნდა დაიცვან.
რამადანი 30 დღის განმავლობგაში გრძელდება და სამ დღიანი ზეიმით მთავრდება.
“გურია ნიუსი” მუსლიმ მეგობრებს და სრულიად მუსლიმანურ სამყაროს ულოცავს რამადანის დასრულების ბრწყინვალე დღესასწაულს.