“ბათუმელების” ინფორმაციით, დღეს, 4 სექტემბერს, მზია ამაღლობელის სახელით მისმა ადვოკატებმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არცერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არცერთ მტკიცებულებას.
გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში, რომელსაც ხელს მზია ამაღლობელის ადვოკატები, იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი აწერენ.
ვრცლად: ბათუმელები



































































