„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია.
„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – ნათქვამია „ფორუმ 2000-ის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 12-14 ოქტომბერს, პრაღაში კონფერენციის – „ფორუმ 2000“-ის ფარგლებში გაიმართება.
„მზია ამაღლობელი დიდი ხანია ეწინააღმდეგება ავტორიტარიზმს, ცენზურას და პოლიტიკურ დაშინებას“, – ამბობს იაკუბ კლეპალი, ფორუმი 2000 ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. „ის გახდა მთლიანობისა და ჩაგვრისადმი წინააღმდეგობის სიმბოლო, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მიმართულებას. მისი ბოლოდროინდელი დაუმორჩილებლობა – მშვიდობიანი პროტესტის დროს პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ გამოსვლა და უსამართლო პატიმრობის დროს 38-დღიანი შიმშილობის დაწყება – მისი ერთგულების დასტურია სიმართლის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების მიმართ“.
პატიმრობის გამო, ის პირადად ვერ მიიღებს საერთაშორისო ფორუმი 2000-ის ჯილდოს გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის – ისევე, როგორც ვენესუელელ ადვოკატს როსიო სან მიგელს და ჩინელ ჟურნალისტ ჟანგ ჟანს არ შეეძლოთ წინა წლებში. რუსი ოპოზიციის ლიდერმა ვლადიმერ კარა-მურზამ 2023 წლის ჯილდო მხოლოდ გასულ წელს, გათავისუფლებიდან ორნახევარი თვის შემდეგ მიიღო.





























































