ბოლო რამდენიმე დღეა, სს „წყალი მარგებელის“ პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა. ერთ-ერთი ყველაზე ბრენდული და საყვარელი პროდუქტის „ნაბეღლავის“ ფასის მატებამ მოსახლეობის განაწყენება გამოიწვია _ მომხმარებელი კომპანიას საყვედურობს და ახლა-განმარტებებს ითხოვს.
სს „წყალი მარგებელის“ პიარ მენეჯერის ანუკი ბერიშვილის თქმით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ინფლაციის ზრდაა:
„კომპანია 22 წლის მანძილზე უცვლელი ფასით იყო წარმოდგენილი ბაზარზე და ბოლო სამი წელი თავს ვიკავებდით ამ ნაბიჯისგან.
ფასის გაზრდის მიზეზები დაკავშირებულია რამდენიმე საკითხთან, თუმცა, მთავარი მიზეზი ინფლაციაა. ნავთობისა და მასალების ფასების ცვლილება და გადასახადების ზრდაც გავლენას ახდენს პროდუქტის ფასზე.
ძალიან სამწუხაროა, რომ მოგვიხდა ფასის ცვლილება, ასევე, ვიაზრებთ იმასაც, რომ ამ მიზეზით შესაძლოა გაყიდვებიც შემცირდეს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, მრავალ პროდუქტზე შეიცვალა ფასი, მათ შორის, ჩვენს კონკურენტ პროდუქტებზეც“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბერიშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ბოლო წლებია, მაღაზიათა ქსელებს გაყიდვების 15-20% მიაქვთ და პროდუქციაზე ფასის მატებაზეც ამანაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.